სოხუმი ევროკავშირთან პირდაპირი კავშირების დამყარებას ესწრაფვის
სოხუმი ევროკავშირთან პირდაპირი დიალოგისა და კავშირების დამყარების ინიციტივით გამოდის. ამის შესახებ თვითგამოცხადებული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 17 იანვარს სოხუმში ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრისას განაცხადა.
“აფხაზეთი ევროპის ნაწილია და ჩვენ ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება გვაქვს… არა მგონია, რომ აფხაზეთის ევროპასთან დაკავშირება საქართველოს ან სხვა ქვეყნების მეშვეობით ეფექტური იყოს. აუცილებელია პირდაპირი კავშირების დამყარება“, – იუწყება აფხაზეთის ლიდერის ოფიციალური ვებ–გვერდი სერგეი შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.
“ჩვენი სურვილია ამ რეგიონში მოთამაშეთა ინტერესები გავითვალისწინოთ, მაგრამ არა ჩვენი სახელმწიფოებრიობის საზიანოდ. ჩვენ ასევე გვსურს იღბლიანად მოვხვდეთ ევროკავშირის ახალ სტრატეგიაში და ძალიან გვიზიდავს ევროკავშირის ჩვენს საზღვრებთან მოახლოება”, – განაცხადა შამბამ.
ევროკავშირის დელეგაცია ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის დირექტორატის ხელმძღვანელის ჰიუ მინგარელის ხელმძღვანელობით სოხუმში 17 იანვრიდან იმყოფება და შეხვედრებს მართავს ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)