საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე მოსკოვში მოლაპარაკებები იგეგმება
ქართული ავიაკომპანიების წარმომადგენლები 5-6 თებერვალს მოსკოვს ეწვევიან, სადაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შესაძლო აღდგენის თაობაზე რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებს გამართავენ, განაცხადა 25 იანვარს საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ჩხიკვაძემ .
“მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ განვიხილავთ არის ფრენების დაწყება. ყველა ქართული ავიაკომპანია მზად არის განაახლოს ფრენები ათ დღეში მას შემდეგ, რაც რუსეთი ოფიციალურ თანხმობას განაცხადებს“, – განუცხადა ჩხიკვაძემ ქართულ ტელეკომპანიებს.
რუსეთმა საქართველოსთან საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლა 2006 წლის 3 ოქტომბერს შეწყვიტა – მეორე დღეს მას შემდეგ, რაც საქართველომ შპიონაჟის ბრალდებით დაკავებული ოთხი რუსი ოფიცერი გაათავისუფლა.
ამასობაში, ქართული ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან კობერიძემ 25 იანვარს განაცხადა, რომ ქართველ მეღვინეებს რუსეთის ელჩთან ვიაჩესლავ კოვალენკოსთან შეხვედრა სურთ, რათა გაარკვიონ ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე ექსპორტის განახლების პერსპექტივები.
რუსეთმა ქართული ღვინის იმპორტი ჯაშუშობის გარშემო ატეხილ სკანდალამდე რამდენიმე თვით ადრე – 2006 წლის მარტში აკრძალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)