სააკაშვილი სოხუმს დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, თბილისი სოხუმს საქართველოს ფედერალიზაციის თაობაზე სერიოზულ წინადადებებს შესთავაზებს და ასევე სურვილი აქვს დაუყოვნებლივ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი აფხაზურ მხარესთან  ”ყოველგვარი შუამავლების გარეშე”.


”თუმცა ამასთანავე, ჩვენ ყველა შუამავლის კონსტრუქციულ როლს მივესალმებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა 27 იანვარს რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


მისი თქმით, აფხაზური მხარისათვის წარსადგენ წინადადებებზე უახლოეს ხანებში გაფართოებული უშიშროების საბჭოს სხდომა იმსჯელებს, რომელშიც ასევე მიიღებენ მონაწილეობას ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები.


”და განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომელიც ჩვენ მზად ვართ შევთავაზოთ აფხაზეთის ფაქტიურ ხელისუფლებას. აფხაზეთის ნაწილს, მინდა ვთქვა, რადგან მთიან აფხაზეთს ლეგიტიმური ხელისუფლება აკონტროლებს”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.


”ჩვენ ვთავაზობთ მათ საქართველოს ფართო ფედერალიზაციას პრაქტიკულად სრული თვითმმართველობით ყველა საკითხებზე, რომელიც ჩვენ მზად ვართ მივცეთ აფხაზეთს. ეს შეთანხმების საკითხია… მოდით, ჩამოდით და დამელაპარაკეთ. არ გინდათ აქ ჩამოსვლა? მე ჩამოვალ და ყველაფერ ამას აგიხსნით. არ გაქვთ სურვილი ჩემთან საუბრის – მოდით ადამიანებს მიეცით ჩამოსვლის, ურთიერთობების დამყარების უფლება”, – განაცხადა პრეზიდენტმა სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების მისამართით.


პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო იგნორირებას არ გაუკეთებს რუსეთის ”ისტორიულ როლს”, რომელსაც იგი კავკასიის რეგიონში თამაშობს. 


”ვიმედოვნებ, რომ რუსეთს ეყოფა პოლიტიკური რესურსი იმისათვის, რომ დადებითი როლი ითამაშოს, რადგან თავად რუსეთის ინტერსებში არ შედის სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ უკანასკნელ პერიოდში რუსი პოლიტიკოსები პირდაპირ პარალელებს აღარ ავლებენ კოსოვოსა და ”ჩვენს რეგიონში არსებულ სიტუაციას შორის”.


სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში არ არსებობს ეთნიკური კონფლიქტის პრობლემა, რადგანაც ქართველი და ოსები უფრო ურთიერთდაკავშირებულები არიან, ვიდრე აფხაზეთის შემთხვევაში.


მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ის პირველი ქართველი ლიდერი იყო, რომელიც არ მოერიდა ტერმინის ”სამხრეთ ოსეთი” გამოყენებას. თუმცა, საქართველოში ბევრი არ რეგიონს მოიხსენიებს როგორც ”სამაჩაბლოს” ან ცხინვალის რეგიონს, რათა თავიდან აიცილონ რაიმე კავშირი ჩრდილოეთ ოსეთთან.


”სანამ მე მოვიდოდი საქართველოში ხელისუფლებაში, ქართულ პოლიტიკაში მიიჩნევდნენ, რომ ტერმინის ”სამხრეთ ოსეთი” გამოყენება პოლიტიკური მკვლელობის ტოლფასი იყო… მე პირველი ვიყავი, ვინც ეს ტერმინი გამოიყენა, მე პირველი ვიყავი, ვინც ოსებს ავტონომია შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი წინადადებები ყოველთვის სახიფათოდ მიიჩნეოდა [საქართველოში], – განაცხადა სააკაშვილმა.


მისი თქმით, საქართველოს გაერთიანების მყარი გეგმები ამოძრავებს მრავალეთნიკური, მრავალკულტურული, მრავალრელიგიური და მრავალკონფესიური თანამშრომლობის იდეის საფუძველზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)