თურქეთი ცდილობს შაჰ-დენიზიდან საქართველოს გაზი გამოუყოს
თურქეთი ცდილობს საქართველოს შაჰ-დენიზის გაზის საკუთარი წილიდან გამოუყოს ბუნებრივი აირი, განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან თბილისში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
”ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გამოვუყოთ საქართველოს 800 მლნ კუბური მეტრი გაზი ივლისამდე. ეს არის დაპირება”, – განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა.
თუმცა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მაშინვე დაიწყებს თურქეთის წილიდან გაზის მიღებას, როგორც კი შაჰ-დენიზის გაზსადენი ექსპლოატაციაში შევა.
”მე მინდა ვთქვა, რომ როგორც კი შაჰ-დენიზი ჩაირთვება ჩვენ ვიღებთ თურქული კვოტიდან გაზს და შემდეგ აზერბაიჯანიც ასევე მუდმივად ზრდის გაზის მოწოდებებს საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ შედარებით იაფი და უფრო საიმედო გაზის წილი საქართველოს გაზის ბალანსში მუდმივად გაიზრდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.
თბილისი თვეების განმავლობაში ცდილობს დაარწმუნოს ანკარა დაუთმოს საქართველოს საკუთარი წილი, რათა შემცირდეს ძვირი რუსული გაზის მოხმარება. თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ არის მიღწეული.
თურქული მედიის თანახმად, ანკარა თავს იკავებს საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღებისაგან იმ ვალდებულებების გამო, რომელიც მას შაჰ-დენიზის გაზსთან დაკავშირებით აღებული აქვს საბერძნეთისა და იტალიის წინაშე.
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთს საქართველოსა და აზერბაიჯანის მსგავსი ენერგეტიკული პრობლემები აქვს.
”მაგრამ მნიშვნელოვანია ეს პრობლემები ამ სამ ქვეყანას შორის სოლიდარობის საფუძველზე გადაწყდეს”, – განაცხადა ერდოგანმა.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ სამმა ქვეყანამ მოახერხა ალტერნატიული წყაროს ამოქმედება.
”ევროპისთვის ეს არის ალტერნატივა, ეს არის ნავთობის გზა, გაზის გზა… ამიტომაც ვუწოდებთ ჩვენ ამ [რეგიონულ] თანამშრომლობას ისტორიულს”, – განაცხადა სააკაშვილმა.
დღესვე თბილისში ხელი მოეწერა რეგიონული თანამშრომლობის ერთობლივი ხედვის შესახებ დეკლარაციას.
ასევე აზერბაიჯანისა და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრებმა და საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ხელი მოაწერეს ბაქო-ახალქალაქი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტს.
საქართველომ და აზერბაიჯანმა ხელი მოაწერეს დამატებით შეთანხმებას რეგიონული რკინიგზის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით საქართველოსთვის 200 მლნ აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)