სუამი გმობს აფხაზეთში დაგეგმილ ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს

სუამი გმობს არაღიარებულ აფხაზეთში 11 თებერვალს და 4 მარტს დაგეგმილ ე.წ. ადგილობრივ და საპარლამენტო არჩევნებს, ”როგორც დესტრუქციულ აქტს”.


ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც 7 თებერვალს უკრაინამ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე სუამის (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) სახელით გააკეთა.


”არალეგიტიმურ სეპარატისტულ რეჟიმს აფხაზეთში, საქართველო განზრახული აქვს ე.წ. არჩევნების ჩატარება ადგილობრივი მოსახლეობის, მათ შორის უმეტესად ქართველების, აბსოლუტური უმრავლესობის მონაწილეობის გარეშე, რომლებიც იძულებით გამოაძევეს რეგიონიდან, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სერიოზული დანაშაულის – ეთნიკური წმენდის შედეგად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრომ გამოაქვეყნა. 


სუამ-ის წევრი სახელმწიფოები მოუწოდებენ ევროპის საბჭოს და მის წევრ სახელმწიფოებს,  დაგმონ ამგვარი ”არალეგალური” ქმედებები, რომელიც ”ძირითადად მიმართულია სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ”.


”ე.წ. არჩევნები ეწინააღმდეგება დემოკრატიის სტანდარტებსა და ფასეულობებს, კანონის უზენასეობას და ტარდება რეგიონში, სადაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, განსაკუთრებით ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისა, უხეშად და მასიურად ირღვევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)