სხეფერი ნატოს გაფართოებაზე საუბრობს, პუტინი კი ამას პროვოკაციად აფასებს
ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა 10 თებერვალს მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ 2009 წელს ალიანსს რამდენიმე ახალი ქვეყანა შეუერთდება.
”2009 წელს მინდა, რომ მეტი ქვეყანა ვიხილო ალიანსში. მინდა, რომ ვიხილო ნატო 26+. მინდა ვიხილო ნატოს გზაზე მტკიცედ მიმავალი სერბეთი. და მინდა ასევე ვიხილო, რომ ჩვენ დავუახლოვდით იმ ეტაპს, როდესაც მოხდება უკრაინის და საქართველოს ამბიციების დაფასება”, – განაცხადა სხეფერმა.
იმავე დღეს მიუნჰენის კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა სიტყვით. მან განაცხადა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ ”სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც ამცირებს ურთიერთნდობის დონეს”.
”და ჩვენ გვაქვს უფლება ვიკითხოთ: ვის წინააღმდეგ იგეგმება ეს გაფართოება?… ახლა ისინი ცდილობენ ახალი გამყოფი ხაზები და კედლები აღმართონ ჩვენს წინააღმდეგ – ეს კედლები შესაძლოა ვირტუალური იყოს, მაგრამ ისინი მაინც გამყოფია, რომელიც ჩვენს კონტიტენტს ყოფს”, – განაცხადა პუტინმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა პუტინის კომენტარებს ”უიმედო” და ”გამოუსადეგარი” უწოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი, რომელიც ასევე დაესწრო მიუნჰენის კონფერენციას, მიესალმა ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლას.
”იააპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადება ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს სტრატეგიული გეგმების ნაწილები არიან”, – განუცხადა ბეჟუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს 10 თებერვალს.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა 11 თებერვალს მიუნჰენის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს ”არ უნდა ეშინოდეს თავის საზღვრებთან კანონზე დამყარებული დემოკრატიული სახელმწიფოების”.
მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი მთელ რიგ საკითხებში პარტნიორია, რუსეთის პოლიტიკის ზოგიერთი მიმართულება ”თითქოს საერთაშორისო სტაბილურობის წინააღმდეგ მუშაობს”.
”ეს გულისხმობს იარაღის გავრცელებას და ასევე ცდუნებას ენერგო რესურსები პოლიტიკური ზეწოლისთვის გამოიყენოს”, – განაცხადა რობერტ გეითსმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)