აფხაზეთში ე.წ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა


თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 11 თებერვალს გამართული ადგილობრივი არჩევნები ჩატარებულად ჩაითვალა, იტყობინება ”იტარ ტასსი” დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაზე დაყრდნობით.


ამავე ცნობით, აფხაზეთის შვიდივე რაიონში, მათ შორის გალის რაიონში, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა და ხმის მიცემის პროცედურამ ექსცესების გარეშე ჩაირა.  შედეგები არჩევნებიდან სამდღეში გახდება ცნობილი.


ადგილობრივ საკრებულოებში, რომელიც ოთხწლიანი ვადით ირჩევა, 169 ადგილისთვის 268 კანდიდატი იბრძოდა. დე ფაქტო პრეზიდენტი ახლადარჩეული ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებიდან ქალაქების და რაიონების ხელმძღვანელებს დანიშნავს.


პირველი ადგილობრივი არჩევნები თვითგამოცხადებულ რეგიონში 1998 წელს გაიმართა.


აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 თებერვალს განაცხადა, რომ არჩევნების წინ უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, განსაკუთრებით გალის რაიონში ”პროვოკაციების” თავიდან აცილების მიზნით.


აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ განაცხადა, რომ გალში კვირას ”მშვიდობიანი და სტაბილური ვითარება” იყო. მან ასევე დასძინა, რომ არჩევნებში ეთნიკური ქართული მოსახლეობაც მონაწილეობდა.


თუმცა, ქართული მედია იტყობინებოდა, რომ გალის ადგილობრივმა მოსახლეობამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
      
არჩევნების წინ გალის რაიონის სოფლებში პროკლამაციები  გავრცელდა, რომელიც ქართველ მოსახლეობას არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებდა. სოხუმის ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი შეაფასა, როგორც თბილისის მიერ გალის რაიონში არჩევნები ჩაშლის მცდელობა.


აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში არჩევნების დღეს გალის რაიონის რამდენიმე სოფელს ესტუმრა, იტყობინება ”აფსნიპრესი”.


”გალი არის აფხაზეთის უძველესი ტერიტორია და აფხაზეთის ხელისუფლების ყურადღება ამ რეგიონის მიმართ არ შესუსტდება”, – იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით. 



This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)