სოხუმი ადგილობრივ არჩევნებს ჩატარებულად აცხადებს
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა 11 თებერვალს განაცხადეს, რომ ადგილბრივი არჩევნები ”სტაბილურ ვითარებაში” ჩატარდა და დასძინეს, რომ არჩევნები, სადაც მათი თქმით, ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ჩატარებულად ითვლება.
გალის რაიონში ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ საპირისპირო ინფორმაცია ვრცელდება. აფხაზური წყაროების ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ გალის რაიონში 50% შეადგინა, მაშინ როცა ქართული მედია იტყობინება, რომ არჩევნები გალის რაიონში ჩაიშალა ადგილობრივი მოსახლეობის ბოიკოტის გამო.
ქართული წყაროები ასევე იუწყებიან, რომ აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა, რომელიც 11 თებერვალს გალის რაიონს სტუმრობდა, ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი თანამდებობიდან გაათავისუფლა, რადგანაც ის უკმაყოფილო იყო გალში არჩევნების დღეს განვითარებული მოვლენებით. აფხაზური წყაროების ინფორმაცია გალის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებების თაობაზე არ ვრცელდება.
თვითგამოცხადებული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს, სავარაუდოდ, არჩევნებიდან სამი დღეში გამოაქვეყნებს.
ადგილობრივ საკრებულოებში, რომელიც ოთხწლიანი ვადით ირჩევა, 169 ადგილისთვის 268 კანდიდატი იბრძოდა. დე ფაქტო პრეზიდენტი ახლადარჩეული ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოებიდან ქალაქების და რაიონების ხელმძღვანელებს დანიშნავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)