პარლამენტმა დსთ-ზე კენჭისყრა კვლავ გადადო

საპარლამენტო უმრავლესობამ 134 ხმით 24 წინააღმდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან (დსთ) საქართველოს გამოსვლის შესახებ ოპოზიციონერი კანონმდებლების დადგენილებაზე კენჭისყრა ისევ გადადო.


ბოლო ორი თვის მანძილზე დღეს პარლამენტმა უკვე მეორედ გადადო ეს საკითხი.


ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ინიცირებული დადგენილების პროექტი არ ითვალისწინებს დსთ-დან დაუყონებლივ გამოსვლას. პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქართველოს დარჩენას დსთ-ში და უფლებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტს თავად მიიღოს გადაწყვეტილება ქვეყნის თანამეგობრობიდან გამოსვლის თარიღზე.


”მე ვერ გამიგია, რატომ ვერ გამოვდივართ ამ დსთ-დან, რა ჯაჭვებით ვართ მიბმული ამ დსთ-ზე, რომ ვერ გამოვიდეთ. ვერ ვხედავ რაიმე მიზეზს, რაიმე არგუმენტს, რომელიც ჩვენი დსთ-ში ყოფნის სასარგებლოდ ილაპარაკებს”, – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან.


”ჩვენ გამოვალთ დსთ-დან, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ გავაკეთებთ, როცა ეს ყველაზე ხელსაყრელი იქნება საქართველოსთვის”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.


8 დეკემბერს საპარლამენტო უმრავლესობამ ასევე გადადო საკითხის კენჭისყრა. პროცედურით, პარლამენტს შეუძლია კენჭისყრის გადადება დეპუტატთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მიუხედავად ინიციატივის ავტორის პოზიციისა.    


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)