თბილისმა ჟენევაში აფხაზურ მხარეს პირდაპირი დიალოგი შესთავაზა
თბილისმა კონფლიქტის სრულმასშტაბიანი მოწესრიგების მიზნით სოხუმს პირდაპირი დიალოგი შესთავაზა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების (გერმანია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი)ჯგუფის მაღალი დონის შეხვედრაზე, რომელიც ჟენევაში 12-13 თებერვალს გაიმართა.
”ქართულმა მხარემ დაბეჯითებით მოუწოდა აფხაზურ მხარეს გააღრმავოს თანამშრომლობა და არ შეუქმნას საფრთხე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის უწყვეტობას”, – აცხადებს 13 თებერვალს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე ქართულ დელეგაციას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მერაბ ანთაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზურს კი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა გალის რაიონში ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნის, საერთაშორისო საპოლიციო კომპონენტის ამოქმედების, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულად დაბრუნების საკითხები და მხარდაჭერა გამოხატა კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის, მათ შორის ევროკავშირის პროგრამების მიმართ.
”ამ წინადადებების მიზანია შექმნას აფხაზურ მხარესთან პირდაპირი დიალოგის შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას მხარეებს შორის, რაც საბოლოო ჯამში კონფლიქტის სრულმასშტაბიანი პოლიტიკური მოგვარების საწინდარი გახდება”, – აცხადებს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)