ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთრების დასაცავად კანონპროექტი მოამზადეს
ოპოზიციონერ კანონმდებელთა ჯგუფმა 14 თებერვალს განაცხადა, რომ მათ მოამზადეს ორგანული კანონის პროექტი, რომელიც საკუთრების უფლებების დასაცავად დამატებით გარანტიებს უზრუნველყოფს.
დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატორული პარტიიდან, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კოკა გუნცაძემ და გია თორთლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მათი წინადადება გულისხმობს ”საყოველთაო ფინანსურ ამნისტიას” და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის კერძო საკუთრების კონფისკაციის უფლების ჩამორთმევას.
”ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, გარდა სასამართლოებისა, უნდა ჩამოერთვას კომპეტენცია რაიმე ფორმით შეეხოს კერძო საკუთრებას, სამართლოს დადგენილების გარეშე”, – განაცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ.
”ახალი მემარჯვენების” ლიდერმა, დეპუტატმა დავით გამყრელიძემ 6 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი ლიდერებიც ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ პრეზიდენტი დაპირდა მათ ორი ან სამი კვირის ვადაში წარადგინოს კანონპროექტი, რომელიც საკუთრების უფლებების დაცვის დამატებითი გარანტია იქნება.
”თავად პრეზიდენტს ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი შემოვიდეს ამგვარი ინიციატივით. თუმცა, რაიმე ოფიციალური განცხადება ამის თაობაზე ჯერ არ გაკეთებულა”, – განაცხადა დეპუტატმა კოკა გუნცაძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ისინი აპირებენ თავიანთი კანონპროექტი განსახილველად წარუდგინონ პარლამენტის ინტერფრაქციულ ჯგუფს, რომელიც საკუთრების უფლების დასაცავად დამატებითი საკანონმდებლო წინადადებების შემუშავების მიზნით ჩამოყალიბდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)