დეპუტატები აფხაზეთის არჩევნებზე მოსკოვის განცხადებას აპროტესტებენ

პარლამენტარებმა დაგმეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის ადგილობრივ არჩევნების ”დემოკრატიულობასთან” დაკავშირებით და ეს ”სეპარატიზმის მხარდაჭერად” შეაფასეს.


”რუსეთი განაგრძობს სეპარატიზმის მხარდაჭერის პოლიტიკას, ნაცვლად იმისა, რომ ის იყოს შუამავალი კონფლიქტის დარეგულირებაში, ის არის წამქეზებელი კონფლიქტის გაღრმავებაში…  ის სტანდარტი, რომელსაც სამწუხაროდ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ამკვიდრებს, არის უპრინციპობის და ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოვლინება”, –  განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.


მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ გალის რაიონში არჩევნები არ შედგა.


თუმცა რუსეთის საგარეო უწყება 14 თებერვალს გავრცელებულ შეტყობინებაში მიესალმა გალში ამომრჩეველთა აქტივობას დაეყრდნო რა აფხაზეთის ხელისუფლების მონაცემებს. სოხუმის განცხადებით, გალში 60%-იანი აქტივობა დაფიქსირდა.


”ეს არის საკუთარი ქვეყნის დამცირება და შეურაცხყოფა, როცა საგარეო უწყება აკეთებს კომენტარს ასეთ თემებზე, თუმცა ძალიან გასაკვირი არ არის, რადგან მახსოვს მსგავსი განცხადებები ქვეყნის პირველი პირის [ვლადიმერ პუტინის] მხრიდანაც”, – განაცხადა დეპუტატმა უმრავლესობიდან ნიკა გვარამიამ.


ოპოზიციონერი დეპუტატი მრეწველთა ფრაქციიდან გია ცაგარეიშვილი  მოუწოდებს საქართველოს საგარეო უწყებას ”უსწრაფესი” რეაგირება მოახდინოს მოსკოვის შეფასებებზე.


”რუსები ზრუნავენ კოსოვოზე და მეორე წუთში აკეთებენ უარესს აფხაზეთში… არცერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და ქვეყანამ ეს არჩევნები [თვითგამოცხადებულ აფხაზეთში] არ აღიარა. ეს არის არალეგიტიმური არჩევნები”, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)