”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ნატოზე საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებისკენ მოუწოდებს

ორგანიზაცია ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს ხელი შეუწყოს ნატოს შესახებ საინფორმაციო კამპანიას საზოგადოების მეტად გათვითცნობიერების მიზნით. 


ორგანიზაციის ხელმძღვანელის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, ბოლო დროს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა 10 თებერვალს ნატოს შემდგომი გაფართოების თარიღად 2009 წელი გამოაცხადა, საზოგადოების დეზორიენტაციის მიზნით გახშირდა ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან განცხადებები. კერძოდ, აქცენტი კეთდება საქართველოს ნატოში შესაძლო წევრობის კონფლიქტების მოგვარების საკითხებთან მიმართებაზე.


ოპოზიციური ”ეროვნული ფორუმისა” და ”ტრადიციონალისტთა კავშირის” ლიდერებმა ღიად დააფიქსირეს თავისი პოზიცია, რომ ეწინააღმდეგებიან ნატოში გაწევრიანებას, თუ ამის სანაცვლოდ თბილისი სოხუმსა და ცხინვალს დაკარგავს.


”შესაძლებელია საქართველო ნატოში შევიდეს იმ პირობებშიც კი თუ კონფლიქტურ რეგიონებში სიტუაცია არ იქნება დარეგულირებული. ამავე დროს ნატო მხარს უჭერს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას… თუ [ნატო] განაცხადებს, რომ ჯერ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და მერე მიგვიღებს, რუსეთს ექნება გაცილებით მეტი ინტერესი, რომ ჩვენ ოსეთის და აფხაზეთის პრობლემა არასდროს არ გადავწყვიტოთ”, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.


მისი განცხადებით, ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” აგრძელებს საინფორმაციო პროექტს  – ”შემდეგი გაჩერება ნატო”, რომელიც აქცენტს ამჯერად არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირებაზე გააკეთებს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)