სანაკოევი ევროპის საბჭოს კომისართან მოლაპარაკებებზე კომენტარს აკეთებს
ე.წ სამხრეთ ოსეთის ალტერნატიულმა პრეზიდენტმა დიმიტრი სანაკოევმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ მას შედეგზე ორიენტირებული საუბარი ჰქონდა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ევროპის საბჭოს კომისართან თომას ჰამარბერგთან და არ სურს ამ შეხვედრის პოლიტიზირება.
თომას ჰამარბერგი ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შემდეგ 17 თებერვალს სოფელ ქურთას ეწვია, სადაც ალტერნატიული ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
”ჩვენ განვიხილეთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ყველაზე მთავარი, რასაც ჩვენ ამ შეხვედრაზე მივაღწიეთ, მოვილაპარაკეთ, რომ ვითანამშრომლებთ ამ სფეროში. ჩვენ განვავითარებთ დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ჩვენ ავაშენებთ ნორმალურ სამოქალაქო საზოგადოებას. ამ კონტექსტში ბატონის თომასის მისია დადებით როლს ითამაშებს. ჩვენ სრულად დავიცავთ ყველა კანონს, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვას ეხება. მომავალში ამ მიმართულებით კარგი წინსვლა იქნება”, – განუცხადა სანაკოევმა ჟურნალისტებს მაღალი რანგის სტუმართან შეხვედრის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)