რესპუბლიკელები საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმებას ითხოვენ

ოპოზიციური რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გაუქმება საქართველოსთვის ”გადაუდებელ აუცილებლობას” წარმოადგენს და აპირებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი ცვლილებებით მიმართოს პარლამენტს.


”საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტმა პრაქტიკულად დააკანონა სახელმწიფო რეკეტი. კერძოდ, ეს სისტემა იქცა ბიუჯეტის შევსების წყაროდ და არა მართლმსაჯულების განხორციელების მექანიზმად… ჩვენი ანალიზის საფუძველზე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში სასამართლოები პრაქტიკულად აღარ არსებობენ”, – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელთა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.  


მისი თქმით, 2005 წლის განმავლობაში სულ 1000 საქმე შევიდა სასამართლოებში საპროცესო შეთანხმებით და მხოლოდ 4 საქმე საბრალდებო დასკვნით.


”ეს ნიშნავს, რომ 1000 საქმეზე არ შემდგარა სასამართლო პროცესი და მხოლოდ 4 საქმეზე გაიმართა სასამართლო პროცესი. ეს ნიშნავს, რომ 1000 საქმეზე პროკურორსა და ბრალდებულს შორის დადებულმა შეთანხმებამ გადაწყვიტა ყველაფერი და მხოლოდ 4 საქმეზე მიეცა მოსამართლეს თავისი აზრის გამოთქმის საშუალება”, – დასძინა უსუფაშვილმა.  


მისი თქმით, დღეს პროკურორი, სასამართლოს მონაწილეობის გარეშე, ერთპიროვნულად წყვეტს, თუ რამდენი უნდა გადაიხადოს ეჭვმიტანილმა თავისუფლების სანაცვლოდ.


”საქართველოში დამკვიდრდა მდიდრის სამართალი: ადამიანები, ვისაც საშუალება აქვთ გადაიხადონ დიდი ფული, ამითი აინტერესებენ სახელმწიფოს და ყიდულობენ თავისუფლებას. მილიონების ქურდი გადაიხდის სხვა მილიონს და არის თავისუფალი, ხოლო 10 კგ ალუმინის ქურდი კი დღეს ციხეში ზის”, – აცხადებს დავით უსუფაშვილი. 


უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საპროცესო გარიგების სისტემა მხოლოდ ძლიერი დემოკრატიის მქონე ქვეყნებში მუშაობს.


საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი სამი წლის წინ დამკვიდრდა ქართულ მართლმსაჯულებაში. ეს იყო სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ მისი  პირველი ანტიკორუფციული ინიციატივა, რომლის მიზანიც იყო პროკურორსა და ბრალდებულს შორის არაოფიციალური გარიგების დამკვიდრებული პრაქტიკის ლეგალიზება. 


საქართველოში მოქმედი საპროცესო გარიგების ინსტიტუტი ევროპის საბჭომ გააკრიტიკა.


”ახლანდელი ფორმით [საპროცესო გარიგება], ერთის მხრივ, საშუალებას აძლევს სავარაუდო დამნაშავეებს გამოიყენონ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მიღებული შემოსავლები ციხიდან თავის გამოსახსნელად, ხოლო მეორე მხრივ, [სისტემა] ქმნის საფრთხეს, რომ ის იქნეს გამოყენებული არამიზნობრივად და ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიური მიზნებისთვისაც”, – აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა 2005 წლის რეზოლუციაში საქართველოს შესახებ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)