თბილისი უარყოფს რუსეთიდან სამხედრო ნაწილების კონტრაბანდული გზით შემოტანას

ინფორმაცია საქართველოს მიერ რუსეთიდან სამხედრო ნაწილების კონტრაბანდული გზით შემოტანის თაობაზე არის ”უკიდურესად აბსურდული” და ”სულელური განცხადება”, აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა 20 თებერვალს. 


როსტოვის ოლქში, რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის სამხრეთის სამმართველომ  20 თებერვალს გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ სამმართველომ გამოავლინა დანაშაულებრივი ქმედება, რომლის დროსაც სამხედრო ნაწილები რუსეთიდან საქართველოში გადიოდა კონტრაბანდული გზით.


ამავე პრეს-რელიზის თანახმად, დაღესტანში რეგისტრირებული ფირმა მი-24 ტიპის სამხედრო ვერტმფრენებისთვის საჭირო ნაწილების ექსპორტს ახორციელდა, თუმცა მათ მი-8 ტიპის სამოქალაქო ვერტმფრენების ნაწილებად ასაღებდა.


რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ინფორმაციით, ამ საქმის გამოძიება უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს. თუმცა, საბაჟო სამსახურმა არ დაასახელა ის ფირმა, რომელიც ამ დანაშაულებრივ ქმედებაშია ეჭვმიტანილი.


”ამ უკანონო ქმედებებით, ფირმამ არა მარტო ფინანსური ზარალი მიაყენა სახელმწიფოს, არამედ შექმნა წინაპირობა საქართველოს სამხედრო პოტენციალის გასაძლიერებლად, რითიც ხელი შეუწყო დაძაბულობის გამწვავებას კავკასიის რეგიონში”, – ნათქვამია საბაჟო სამსახურის პრეს-რელიზში.


”რუსთავი 2”-თან და ”იმედთან” ცალ-ცალკე ინტერვიუებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არის ”ზღაპარი, რომელიც შეიძლება დასაჯერებელი იყოს მხოლოდ ბავშვების გარკვეული კატეგორიისთვის”.


”ეს ინფორმაცია არის ძალიან აბსურდული და ძნელია იმის წარმოდგენა, რომ საქართველო [სამხედრო] ნაწილებს იღებს რუსეთიდან… წარმოიდგინეთ, რამხელა სისულელესთან გვაქვს საქმე, როდესაც ვიღაცა ამტკიცებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთიდან შესაძლოა შემოვიდეს რაიმე ნაწილები”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.


”როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები მოდერნიზაციას აკეთებს, როდესაც საუბარია ნებისმიერ შესყიდვაზე – იქნება ეს უბრალო ტყვია, თუ ცოტა მსხვილმასშტაბიანი შესყიდვა – მუშაობს მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებთან და იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს პარტნიორული ურთიერთობა… რუსეთი მათ შორის არაა”, – დასძინა მან.


”საქართველო თანამშრომლობს მხოლოდ სერიოზული ქვეყნების სერიოზულ ფირმებთან და მათი მეშვეობით აკეთებს თავისი შეიარაღებული ძალების აღჭურვილობის მოდერნიზაციას. ჩვენ განვაგრძობთ ამ პროცესს და ვერავინ შეაჩერებს მას”, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.


მისი თქმით, ეს ინფორმაცია ”შესაძლოა იყოს კიდევ ერთი პროვოკაციის მცდელობა იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების დისკრედიტაცია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)