ტრანსპორტის რეგულირების ფუნქციას ეკონომიკის სამინისტრო შეითავსებს

პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი ტრანსპორტის ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გაუქმების თაობაზე, რომელმაც პრეზიდენტის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე 21 თებერვლიდან ფაქტიურად უკვე შეწყვიტა ფუნქციონირება.


კანონპროექტის თანახმად, კომისიის ტექნიკურ ფუნქციებს შეასრულებს ტრანსპორტის საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროში შეიქმნება და დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნიკა გვარამიას განცხადებით,  რომელმაც დღეს კანონპროექტის პრეზენტაცია გამართა,  ეკონომიკის სამინისტროს ახალ სტრუქტურას,  მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, აღარ ექნება ტარიფის რეგულირების უფლება.


კანონპროექტის მიღების შემდეგ გაუქმდება ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებული რეგულირების გადასახადი, რომელიც მომსახურების 1%-ს შეადგენდა.


”არავითარი მომსახურების 1% აღარ იარსებებს და შესაბამისად შემცირდება ტარიფები ამ სფეროში”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ პარლამენტში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


21 თებერვალს მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დაუყოვნებლივ დახურვა მოსთხოვა და ამ სტრუქტურას ბიუროკრატიული ”წურბელა” უწოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)