ხელისუფლება ჯარში პროფესიონალების მოსაზიდად პრივილეგიებს აწესებს

საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო სამსახურში კვალიფიციური პროფესიონალების მოზიდვის მიზნით გარკვეული პრივილეგიები დააწესა.


22 თებერვალს სენაკის სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა განაცხადა, რომ პრივილეგიები ითვალისწინებს სახელმწიფო სტიპენდიებს იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი კარიერა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განაგრძონ; ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მათთვის, ვინც უკვე დაამთავრა უნივერსიტეტი და უფასო საცხოვრებელ ფართს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ.


გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების აქტი საშუალებას აძლევს ოფიცრებს გამოიტანონ გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი საქართველოს ბანკიდან, განაცხადა კეზერაშვილმა.  შესაბამის შეთანხმებას კეზერაშვილმა და საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ლადო გურგენიძემ 22 თებერვალს მოაწერეს ხელი.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ასევე სტუმრობდა დღეს სენაკის სამხედრო ბაზას, განაცხადა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების აქტი არის ”უპრეცედენტო დოკუმენტი პოსტ-საბჭოთა სივრცისთვის”.


”ჩვენ გვინდა დავასრულოთ ის ამოცანა, რომელიც წლების წინ დავიწყეთ. მაშინ ჩვენ ვთქვით, რომ შეიარაღებული ძალების ოფიცერი ეს არის ელიტარული, განსაკუთრებული პროფესია საქართველოში”, – განაცხადა სააკაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა საქართველოს შეიარაღებული ძალების მფრინავებს.


”მე მივიღე გადაწყვეტილება მკვეთრად გაიზარდოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ფრინავთა ხელფასები და  დამსახურების მიხედვით გაუტოლდეს საქართველოს პრეზიდენტის [4 000 ლარი] და პარლამენტის თავმჯდომარის [3 800] ხელფასებს”, – განაცხადა სააკაშვილმა. 


თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სურს მშვიდობა, რადგანაც ქვეყანა ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობისკენ ისწრაფვის.


”ძლიერი ჯარი ძლიერი ეკონომიკის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ ჯარი არეულობაში და დესტაბილიზაციაში კი არ არის დაინტერესებული, შეირაღებული ძალების მთავარი ინტერესია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)