პრემიერ-მინისტრი კუმისში გაზის მოპოვების შესაძლებლობებს გაეცნო
22 თებერვალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოაღაიდელმა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრთან ნიკა გილაურთან ერთად ქვემო ქართლის სოფელ კუმისში კომპანია ”კანარგოს” ჭაბურღილი დაათვალიერა, სადაც გაზის ბუნებრივი საბადოს საძიებო სამუშოები მიმდინარეობს.
”კანარგომ” თებერვლის დასაწყისიდან ჭაბურღილი უკვე 500 მეტრზე გათხარა, თუმცა მისმა სიღრმემ საბოლოოდ 3 700 მეტრი უნდა შეადგინოს.
”ვზრუნავთ, რომ საქართველოს ჰქონდეს თავისი საკუთარი ბუნებრივი აირი და ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე. სწორედ ამას ემსახურება ამ პროექტის განხორციელება”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
საქართველო დღესდღეობით რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ გაზზეა დამოკიდებული.
პრემიერ-მინისტრის თქმით, არსებობს წინასწარი გათვლები თუ რა მოცულობის ბუნებრივი აირის აღმოჩენაა შესაძლებელი კუმისში, თუმცა ამაზე საუბარი მხოლოდ ივნისში ჭაბურღილზე სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
კუმისში გაზის საბადოს აღმოჩენის შემთხვევაში, ადგილობრივ გაზს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია შეისყიდის. კომპანია ”კანარგო” კი სისტემისთვის გაზის მიწოდებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას უზრუნველყოფს, იუწყება კორპორაციის პრესსამსახური.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)