ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობებზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ”როსიისკაია გაზეტასთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც 28 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ საქართველოსთან სრულფასოვანი დიალოგის აღდგენა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა თბილისი მოსკოვთან და თავის თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში.

”მათ შორის იმაზე, თუ როგორ აფასებენ საჯარო გამოსვლებში ამ ურთიერთობებს ქართველი ლიდერები”, – აღნიშნავს ლავროვი.


ლავროვის განცხადებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში კონფლიქტების მოგვარების არსებული მექანიზმების მოშლის მცდელობა, რუს სამშვიდობოების წინააღმდეგ პროვოკაციები და სამხედრო პოტენციალის გაძლიერება ”მოწმობს” იმას, რომ ქართული მხარე კონფლიქტების ძალისმიერი გზით მოგვარებას ”ამზადებდა”.


”ჩვენ მკაცრად გავაფრთხილეთ საქართველოც და ისინიც, ვინც ამ ფაქტების მიუხედავად აქტიურად ეპატიჟებიან საქართველოს ნატოში, რომ ამას არ დავუშვებდით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ რუსეთის სამხრეთის ამ მეზობელ, სტაბილურობისათვის უმნიშვნელოვანეს რეგიონში საერთო უსაფრთხოებასთან ერთად არის კიდევ ასეთი ასპექტი, როგორიცაა ათობით ათასი რუსეთის მოქალაქე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ჩვენ მათზე პასუხისმგებლობა გვაკისრია”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება ”მარტივად” ახსნა, როგორც საქართველოს სამართლებრივი სივრცის გარეთ დარჩენილი ადამიანების სოციალური მხარდაჭერა. 


მისი თქმით, რუსეთმა შარშან სექტემბერში გაწვეული ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო იანვარში მას შემდეგ დააბრუნა საქართველოში, რაც  ”შევამჩნიეთ გარკეული ცვლილებები საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებში, შემცირდა პროვოკაციების რაოდენობა ჩვენი სამშვიდობოების წინააღმდეგ, დაიწია რიტორიკის ტემპერატურამ… კონსტრუქციულად ჩაიარა 2007 წელს საქართველოსთვის გაზის მოწოდებაზე მოლაპარაკებებმა”. 


სერგეი ლავროვი ასევე აცხადებს, რომ შესაძლოა დადებითად გადაწყდეს ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი, რაზეც მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია.


”ჩვენი შემდგომი ნაბიჯები საქართველოსთან სრულფასოვანი კავშირების აღდგენასთან დაკავშირებით დამოკიდებული იქნება პირველ რიგში იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს საქართველო თავის კონფლიქტებთან მიმართებაში”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია თბილისის ნებისმიერი არგუმენტი, რომლის გამოც ის უარს აცხადებს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის და უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი.


”ეს უნდა გაკეთდეს უპირობოდ”, – დასძინა ლავროვმა.

ქართულმა მხარემ ნათლად მიანიშნა, რომ მხოლოდ მას შემდეგ მოაწერს ხელს ამ შეთანხმებებს, რაც კონფლიქტურ რეგიონებში მოქმედი რუსული სამშვიდობო ოპერაციის საერთაშორისო ძალებით ჩანაცვლება მოხდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)