თბილისი უარყოფს ინფორმაციას რუსეთთან მოლაპარაკებებზე ვმო-სთან დაკავშირებით
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ კოვზირიძემ, რომელიც რუსეთთან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებში ქართული მხარეს წარმოადგენს, უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის 26 თებერვალს ჟენევაში მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დაიწყო.
”წინა რაუნდის დროს [იანვარში] ჩვენ შევთანხმდით რუსულ მხარესთან, რომ გავცვლიდით მოსაზრებებს თებერვლის ბოლოს წერილობითი ფორმით; არანაირი ორმხრივი შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა”, – განუცხადა კოვზირიძემ ”სივილ ჯორჯიას” 26 თებერვალს.
რუსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იანვარში ჟენევაში გაიმართა.
რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა გერმან გრეფმა 26 იანვარს განაცხადა, რომ საქართველომ არ მოხსნა ყველა თავისი მოთხოვნა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესი შეინიშნება.
27 იანვარს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისს სურს, რომ რუსეთმა თვითგამოცხადებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული ორი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ლეგალიზება მოახდინოს, რაც იქნება წინაპირობა ქართული მხარის თანხმობისა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე.
”ჩვენი ეს პირობა ძალაში რჩება”, – განაცხადა თამარ კოვზირიძემ 26 თებერვალს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)