სააკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, ნატო-ს გენერალურ მდივანს იააპ დე ჰოოპ სხეფერს შეხვდება.


26 თებერვალს მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკებები გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანასთან, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და  კონფლიქტების მოგვარების საკითხები განიხილეს.


”საქართველოში მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილი ვარ. ეს რეფორმები მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ – მთელი რეგიონისთვის. ამ რეგიონებთან სიახლოვე კი ევროკავშირის ინტერესს წარმოადგენს. საქართველო ევროკავშირის საზღვრებს უახლოვდება. ევროკავშირი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მას კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაში ეხმარება”, – იტყობინება პრეზიდენტის პრესსამსახური ხავიერ სოლანას სიტყვებზე დაყრდნობით.


პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, ”საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და კონფლიქტების მოგვარებაში გვეხმარება”.


პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე მნიშვნელოვანია სავიზო რეჟიმის გამარტივება და თავისუფალი ვაჭრობის შემოღება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)