საკუთრების საკითხებზე ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნაზე პარლამენტში შეთანხმება შედგა
პარლამენტში საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიზნით ფრაქციათა ლიდერების მონაწილეობით შეიქმნება ინტერფრაქციული ჯგუფი, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გაახმოვანა.
ინტერფრაქციული ჯგუფი ბოლო დროს საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტების შესწავლის საფუძველზე მოამზადებს საკანონმდებლო წინადადებებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებებთან დაკავშირებით.
ბურჯანაძის განცხადებით, მუშაობა იქნება დახურულ რეჟიმში, ”რათა საბოლოო მიზანი იქნეს მიღწეული და დაიდოს ისეთი საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ქვეყანაში საკუთრების გადახედვასთან დაკავშირებულ საუბრებს… ნებისმიერი კითხვა, რომელიც ჩნდება უნდა იყოს პასუხგაცემული და ნებისმიერ ადამიანს როგორც ქვეყნის მოქალაქეს, ასევე ჩამოსულ ინვესტორს უნდა ჰქონდეს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ მისი საკუთრების უფლება იქნება ხელშეუხებელი და დაცული”.
ოპოზიციამ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ინტერფრაქტიული ჯგუფის მუშაობა ”კონსტრუქციული” იქნება, რაც კონკრეტული შედეგით დასრულდება და დღის წესრიგიდან მოხსნა საკუთრები უფლებების დარღვევის ფაქტებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა.
”საგამოძიებო კომისიის შექმნა ბევრად უფრო ადეკვატური იქნებოდა, რადგან კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იქნებოდა შესაძლებელი, მაგრამ დღეს პრიორიტეტი არის საკანონმდებლო ბაზის გამოსწორება და ცალკეული ფაქტების შესწავლა”, – განაცხადა საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორმა, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)