იუშჩენკო: უკრაინა მზად არის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად

უკრაინა მზად არის მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში სამშვიდობო ოპერაციებში, თუ იქნება მხარეთა ნება და შესაბამისი ახალი მანდატი ფორმირებული, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ 1-2 მარტს საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის წინ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან ინტერვიუში, რომელიც 27 თებერვალს გადაიცა.


”უკრაინა მზად არის ყველაზე პროდუქტიული მონაწილეობა მიიღოს სამშვიდობო კორპუსში კონფლიქტის დასარეგულირებლად და ამ კონფლიტების დარეგულირებაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მხარეების ნება, შესაბამისი მანდატის ფორმირება, რომელიც შესაძლებლობას გააჩენს სამშვიდობო კორპუსის ეფექტური მოქმედებისთვის”, – განაცხადა ვიქტორ იუშჩენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ”ქართველი ხალხს შეუძლია დაეყრდნოს უკრაინის მკაფიო და მყარ მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე ამ საკითხთან დაკავშირებით”.


ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ხავიერ სოლანამ 26 თებერვალს პრეზიდენტ სააკაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს კონფლიქტურ ზონებში მოქმედ სამშვიდობო ოპერაციებში, თუმცა ამგვარ მისიას მკაფიო და მიღწევადი მიზნები სჭირდება.


27 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთანაც განიხილა.


”ჩვენ ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთანაც განვიხილეთ, ვისაუბრეთ ფორმატის გაფართოების და შეცვლის შესაძლებლობაზე და უფრო მეტ ევროპულ მონაწილეობაზე ადგილზე და ეს დიდი მოვლენაა, ეს დიდი სიახლეა; არავინ ისაუბრებდა ამ თემაზე სულ რაღაც ერთი წლის წინ”, – განაცხადა პრეზიდენმა სააკაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტთან ერთად ბრიუსელში 27 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე.  


სამშვიდობო ოპერაციაში შესაძლო მონაწილეობაზე კომენტარი გააკეთა ასევე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანა ფოტიგამ 27 თებერვალს თბილისში ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.


”პოლონეთი ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო მანდატის ფარგლებში, იქნება ეს გაერო თუ ნატო. რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ და გაგვაჩნია სურვილი ვემსახუროთ საერთაშორისო საზოგადოებას, მაგრამ თითოეული ამგვარი შემთხვევა დეტალურად უნდა იქნას განხილული ქვეყნის შიგნით”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.


გელა ბეჟუაშვილის განცხადებით, საქართველო მუშაობს უფრო მეტი ქვეყნის ჩართვაზე სამშვიდობო ოპერაციაში, რომელიც საქართველოში ამჟამად რუსეთის მიერ ხორციელდება და ”არ გააჩნია ნეიტრალური პოზიცია”.


”მოიაზრება, რომ ამ სამშვიდობო ოპერაციას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ უკრაინა და სხვა ქვეყნები, ექნება საერთაშორისო მანდატი. ეს იქნება გაეროს, ევროკავშირის ან ეუთოს მანდატი და ამ პროცესს ექნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზანი – დაიცვას ადამიანის უფლებები ტერიტორიული მთლიანობის  ფარგლებში”, – განაცხადა გელა ბეჟუაშვილმა 27 თებერვალს პრესკონფერენციაზე.    


”ჩვენ არ გვჭირდება ისეთი სამშვიდობო ძალა, რომელიც პრაქტიკულად ასრულებს მესაზღვრის როლს”, – დასძინა მან.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)