ნოღაიდელი ცხინვალის რეგიონში”ამბიციურ გეგმებზე” საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, მთავრობა ცხინვალის რეგიონში ”ამბიციური გეგმებს” ახორციელებს, რაც ”დაახლოებით 20 მლნ ლარის ინვესტიციაა ჯამში”.


”ინვესტიციების ფარგლებში კონფლიქტის ზონის თითქმის ყველა სოფელი იქნება გაზიფიცირებული… აღდგენილი იქნება დაზიანებული წყალმომარაგების სისტემა. ამ დაზიანებული წყალმომარაგების სისტემის აღდგენით წყალი შეიძლება მიეწოდოს არამარტო დიდი ლიახვის სოფლებს, არამედ უშუალოდ ცხინვალსაც. იმედი მაქვს, რომ ასე განხორციელდება ეს პროექტი”, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა.


პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია 20 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობის ცალკე დაფინანსებაა, თუ ეს იმ დაფინანსების ნაწილია, რომელიც დასავლელმა დონორებმა გასულ წელს სამხრეთ ოსეთის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყვეს.   


საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 6 მილიონი ლარი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)