ბურჯანაძე აფხაზეთში დაგეგმილ ე.წ საპარლამენტო არჩევნებს არალეგიტიმურს უწოდებს
პარლამენტის თავმჯომარემ ნინო ბურჯანაძემ დღეს კომენტარი გააკეთა 4 მარტს თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და განაცხადა, რომ ”აფხაზეთის არჩევნები არ იქნება ცნობილი მანამ, სანამ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს ყველა ის დევნილი, რომელიც კონფლიქტამდე ცხოვრობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე”.
ბურჯანაძის განცხადებით, გალის რაიონში მცხოვრები ქართველები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას ე.წ არჩევნებში მონაწილეობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით.
”ჩვენ ჩვენის მხრიდან გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ნებისმიერი პროვოკაცია თავიდან იქნას აცილებული და ეს ადამიანები იყვნენ მაქსიმალურად დაცულნი”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
სოხუმი ქართულ მხარეს გალში ანტისაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქართული სპეცსამსახურები მართავენ ჯგუფს ”პატრიოტები აფხაზეთისთვის”, რომელიც ცოტა ხნის წინ ამოქმედდა გალში მათ წინააღმდეგ, ვინც დე ფაქტო ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. თუმცა ქართული მხარე ამ ჯგუფთან კავშირს უარყოფს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)