ნათელაშვილი ნატოს ავღანურ მისიაში საქართველოს მონაწილეობის წინააღმდეგია
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ სააკაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა საქართველომ წვლილი შეიტანოს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების (ISAF) მისიაში.
27 თებერვალს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იააპ დე ჰოოპ სხეფერთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ თბილისის სურვილია მეტი წვლილი შეიტანოს ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში და იქ შეზღუდული ქართული კონტინგენტი გააგზავნოს.
მოგვიანებით იმავე დღეს სააკაშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ”ამ მომენტში საუბარია რამდენიმე ასეულ სამხედროზე”.
”პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი გააგზავნოს ჩვენი სამხედროები ავღანეთში იმისათვის, რომ შემდგომში პარტნიორებმა აპატიონ გაყალბებაც, ძალადობაც, დიქტატორობაც და ყველაფერი. მე ვურჩევდი მიხეილ სააკაშვილს – თუ ასეთი იდეური და ანთებულია, გააგზავნოს ავღანეთში საომრად თავისი ორი მილიონერი ძმა, რომელთაგანაც ერთი ზის და მილიონებს ქაფავს ნავთობის ბიზნესში, ხოლო მეორეს ხელში აქვს ჩაგდებული სადაზღვევო კომპანია”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა 1 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის და ნატოს ოფიციალური წარმომადგენლები იმის გამო, რომ ბრიუსელში 26-27 თებერვალს ”მათ მიიღეს, თავზე ხელი გადაუსვეს და წააქეზეს დიქტატორი თავის სისხლიან საქმიანობაში”.
ლეიბორისტული პარტია მხარს უჭერდა საქართველოს ინტეგრაციას ნატოში, თუმცა მისი ლიდერი შალვა ნათელაშვილი ცოტა ხნის წინ მმართველი ნაციონალური მოძრაობის მხრიდან კრიტიკას წააწყდა ”კრემლის მიერ მართული ანტინატოს კამპანიასთან” შეერთების გამო.
ერთ-ერთ ბოლო პრესკონფერენციაზე შალვა ნათელაშვილმა ნატოსთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ მისი პირველი რიგის ამოცანა სააკაშვილის რეჟიმის შეცვლაა და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს სხვა საკითხებზე, მათ შორის ნატოში ინტეგრაციაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)