დეპუტატები ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერ დეკლარაციაზე მუშაობენ
პარლამენტის ყველა საპარლამენტო ფრაქციამ და ფრაქციებში შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდამჭერი დეკლარაციის მიღების თაობაზე.
ამის შესახებ ცნობილი 1 მარტს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან ფრაქციათა ლიდერების გამართული კონსულტაციების შედეგად გახდა ცნობილი.
ამჟამად მიმდინარეობს დეკლარაციის ტექსტზე მუშაობა, რომელსაც ხელს ყველა საპარლამენტო ფრაქცია და პარტია მოაწერს. უახლოეს მომავალში პარლამენტი ამ დეკლარაციის მხარდამჭერ დადგენილებას მიიღებს.
”დეკლარაციაში პოლიტიკური ძალები დააფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტიის მიმართ”, – განუცხადა ფრაქცია დემოკრატიული ფრონტის წარმომადგენელმა დავით ზურაბიშვილმა ”სივილ ჯორჯიას” 2 მარტს.
ამ დოკუმენტის შემუშავება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც არასაპარლამენტო ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთეს. ეს მმართველმა პარტიამ შეაფასა, როგორც ”კრემლის მიერ მართული” ანტინატოს კამპანიის დაწყება და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა წერილობით დააფიქსიროს თავისი პოზიცია საქართველოს ნატოში მისწრაფებასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)