შემოსავლების ახალი სამსახურის უფროსი დაინიშნა

დღეს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში ახლად შექმნილი შემოსავლების სამსახურის უფროსად პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა მინდია გადაევი წარადგინა.


გადაევი აქამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო.


ახალი შემოსავლების სამსახური, რომელიც საბაჟო და საგადასახადო დეპარტამენტებს და ფინანსურ პოლიციას აერთიანებს, სრულყოფილად ფუნქციონირებას სავარაუდოდ 6 თვეში შეუდგება.   


”ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ამ სამსახურის ცენტრალურ აპარატს და 1 აპრილიდან შევუდგებით უკვე რეგიონალური სტრუქტურების ფორმირებასაც, რომელიც სავარაუდოდ 6 თვეს გასტანს”, – განაცხადა დღეს ფინანსთა მინისტრმა ლექსო ალექსიშვილმა.


უცნობია დარჩებიან თუ არა შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის სტატუსით თანამდებობებზე ფინანსური პოლიციის და საგადასახადო დეპარტამენტის ჯერ კიდევ მოქმედი უფროსები დავით ქარსელაძე და კახა ბაინდურაშვილი.

როგორც ცნობლია, საბაჟო დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ზურაბ ანთელიძეს თანამდებობა ცოტა ხნის წინ სკანდალურად დაატოვებინეს.


შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონი პარლამენტმა გასული წლის დეკემბერში დაამტკიცა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)