ევროკავშირი გმობს აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს
ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და ხაზს უსვამს, რომ ის არ ცნობს აფხაზეთში 4 მარტს და 11 თებერვალს ჩატარებული ე.წ. ”საპარლამენტო არჩევნების” და ადგილობრივი არჩევნების კანონიერებას, განაცხადა ევროკავშირის გერმანულმა თავმჯდომარეობამ ევროკავშირის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
”ევროკავშირი მყარად დგას იმ პოზიციაზე, რომ არჩევნები საქართველოს რეგიონში მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ჩატარებულად, თუ ყველა დევნილ და იძულებით გადაადგილებულ პირს მიეცემა უფლება უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე თავიანთ სახლებში”, – ნათქვამია 5 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
ევროკავშირი მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს ”დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები, რათა მიაღწიონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას”.
განცხადებას ასევე უერთდებიან თურქეთი, ხორვატია, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ჩერნოგორია, სერბეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, უკრაინა და მოლდოვა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)