პატარკაციშვილი საქართველოში პოლიტიკას და ბიზნესს გაერიდა
გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მან დატოვა საქართველო, რათა თავიდან აეცილებინა ქვეყანაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვა.
5 მარტს ტელეკომპანია ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ლონდონიდან პირდაპირი ჩართვით განხორციელდა, პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მან თავისი ბიზნესი საქართველოდან დასავლეთში გადაიტანა.
მან ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია ”იმედი” მისი უფრო საქველმოქმედო ბიზნესია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების ხელშეწყობას.
”თუკი ვინმე ქვეყანაში ფიქრობს, რომ ტელეკომპანია ”იმედი” აკეთებს ცუდ საქმეს, ის არის ქვეყნის მტერი”, – განუცხადა გადაცემა ”ღია ეთერს” პატარკაციშვილმა.
პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი სურვილია, რომ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ არ გარიონ მისი სახელი პოლიტიკაში.
”მე არ ვაპირებ, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მივიღო აქტიური მონაწილეობა, თუ, რა თქმა უნდა, არ მიმიყვანენ რაღაცა ზღვარამდე, სადაც მე უკვე იძულებული ვიქნები, რომ ეს გავაკეთო”, – განაცხადა პატრაკაციშვილმა.
გასულ წელს ბადრი პატარკაციშვილმა ყულევის ნავთობტერმინალი აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიას მიყიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)