გენერალური პროკურატურა უარყოფს პატარკაციშვილთან დაკავშირებულ ინფორმაციას

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ის უარყოფს ტელეკომპანია ”იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ბადრი ბატარაკაციშვილის რუსეთში ექსტრადიციის თაობაზე.


”საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არ მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი დევნა ბადრი პატარკაციშვილის მიმართ”, – განაცხადა გენერალურმა პროკურატურამ 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში. 


ტელეკომპანია ”იმედი”, რომელიც დღის განმავლობაში ინტენსიურად ავრცელებს ამ ინფორმაციას უცნობ წყაროზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ეს ”არაოფიციალური” ინფორმაციაა.


ინფორმაცია პატარკაციშვილის შესაძლო ექსტრადირების თაობაზე სწრაფად მოექცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში. უმეტესობამ, მათ შორის ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ, დეპუტატებმა კოკა გუნცაძემ და კახა კუკავამ დემოკრატიული ფრონტიდან და ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზეწოლას ახდენს პატარკაციშვილზე, რადგანაც იგი ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელია, რომელიც, მათი თქმით, ერთადერთი ტელეკომპანიაა, რომელიც ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება.


მრეწველთა პარტიის ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ შედარებით ზომიერი კომენტარი გააკეთა. იგი არ ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პატარკაციშვილის ექსტრადირებას გეგმავს.


დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობიდან უარყვეს ეს ინფორმაცია და მას ”ჭორი” უწოდეს.      



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)