საპარლამენტო კომისია იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციას შეცვლის
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდენის საკითხთა დროებითი კომისია იმედოვნებს, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მიმდინარე წლის 15 აპრილისთვის მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ტრანსფორმირებასთან დაკავშირებით.
კომისია 7 მარტს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ 11 თებერვალსა და 4 მარტს აფხაზეთში ჩატარებული ”ფსევდოარჩევნების” საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განსხვავებული შეფასებები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში რუსეთის ფედერაცია არ არის მიუკერძოებელი მხარე.
”აღნიშნულ პოზიციას უფრო განამტკიცებს ბოლო პერიოდში გალის რაიონში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევების მიმართ რუსეთის სამშვიდობო ძალების დამოკიდებულება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო ფორმატის შეცვლის აუცილებლობაზე”, – ნათქვამია საპარლამენტო კომისიის განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)