უსუფაშვილი ურჩევს პატარკაციშვილს მიიღოს გადაწყვეტილება პოლიტიკასთან დაკავშირებით

ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა 7 მარტს განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა თავად უნდა მოუღოს ბოლო გაურკვევლობას მისი შესაძლო პოლიტიკური კარიერის თაობაზე და მალე მიიღოს გადაწყვეტილება აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში მონაწილეობას.


5 მარტს ტელეკომპანია ”იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის მიდის საქართველოდან, რადგანაც არ სურს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებულ დაპირისპირებაში მიიღოს მონაწილეობა. თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ იგი შესაძლოა უკიდურეს შემთხვევაში ჩაებას პოლიტიკაში.


7 მარტს პოლიტიკურ თოქშოუში ”ღია ეთერი” საუბრისას დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ პატარკაციშვილის გაურკვეველი პოზიცია აღიზიანებს ხელისუფლებას, რადგანაც ”ეშინია” იმიტომ რომ, როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, პატარკაციშვილი, ერთი მხრივ, ქართულ საზოგადოებაში გარკვეული ავტორიტეტით სარგებლობს, ხოლო მეორე მხრივ, იგი ტელეკომპანია ”იმედის” თანამფლობელია.     


”ასეთი ისტერიული გამოხტომები [პატარკაციშვილის წინააღმდეგ] კვლავ გაგრძელდება ხელისუფლების მხრიდან. დღეს ჩვენ უნდა გადავდგათ პოლიტიკურად გააზრებული და კარგად მოფიქრებული ნაბიჯები. ბატონმა პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ თუ მაიძულეს, მაშინ შეიძლება პოლიტიკაში ჩავებაო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ბადრიმ ძალიან კარგად იცის, რომ პოლიტიკა არ არის იმ ადამიანების სამოღვაწეო ასპარეზი, ვინც პირადი პრობლემების გამოა იძულებული ჩაებას ამ საქმეში. პოლიტიკა იმ ადამიანების ასპარეზია, რომლებიც სხვების პრობლემების, ანუ ღირებულებების გამოა ჩართული პოლიტიკაში”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


”მე ვთვლი, რომ ბევრს, მათ შორის ბატონ პატარკაციშვილს, გასაკეთებლი აქვს ეს არჩევანი… მე ვურჩევდი ბატონ პატარკაციშვილს, რომ ამ საკითხში რაც შეიძლება მალე ჩამოყალიბდეს; ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემა საქართველოს მომავალი პოლიტიკური პროცესებისთვის”, – განაცხადა მან.


”საქართველოში ჩამოყალიბდა ექვსი თუ შვიდი პოლიტიკური პარტია. ამრიგად, არის არჩევანი, მას [პატარკაციშვილს] შეუძლია თავად გააკეთოს არჩევანი, თუ არა და თავად ჩამოაყალიბოს პოლიტიკური ორგანიზაცია”, – დასძინა უსუფაშვილმა.


მან ასევე ნათლად მიანიშნა, რომ რესპუბლიკური პარტია მზად არის კონსულტაციები დაიწყოს სხვა პოლიტიკურ ძალებთან შესაძლო თანამშრომლობაზე.


”არ უნდა გვეგონოს, რომ ბევრი დრო გვაქვს – წელიწადნახევარში [საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე] ყველა საკითხი უნდა დალაგდეს. იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა და როგორც ჩანს, ტელეკომპანია იმედს მოუწოვს მასში ჩართვა”, – განაცხადა უსუფაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)