”ახალი მემარჯვენეები” პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლის წინ 5 შეკითხვას უგზავნიან
პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ ”ახალმა მემარჯვენეებმა” პრეზიდენტ სააკაშვილს 5 კრიტიკული შეკითხვა ღია მიმართვის ფორმით გაუგზავნა, იმის გამო, რომ სააკაშვილმა უარი თქვა 15 მარტს პარლამენტში საანგარიშო მოხსენების დროს ოპონენტებთან ღია დებატებზე.
შეკითხვები ეხება საქართველოში მიმდინარე პრივატიზაციის პროცესს, თბილისის აეროპორტის თემას, საკუთრების უფლებების დარღვევას, სასამართლო სისტემასა და გახმაურებული მკვლელობების – სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის საქმეების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნების დაუსჯელობას, რაზეც ”პასუხს საზოგადოება პრეზიდენტისგან დიდი ხანია ელის”.
”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრივატიზაციის პროცესი ”დიდი ხანია საჯარო, ღია პროცესის ნაცვლად [კახა] ბენდუქიძისა და [ზურაბ]ნოღაიდელის კულუარული გარიგების საგნად იქცა”.
მან მოიყვანა ბოლო დროს ყველაზე მსხვილი საპრივატიზაციო გარიგების მაგალითი ჩეხურ კომპანია ”ენერგო-პროსთან”, რომელსაც დასავლეთ საქართველოს სადისტრიბუციო კომპანია და 6 ჰესი თავდაპირველად 312 მლნ აშშ დოლარად უნდა შეეძინა, თუმცა საბოლოოდ ბიუჯეტში 132 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა.
”სახელმწიფო ბიუჯეტმა 200 მლნ დოლარზე მეტი ზარალი ნახა და არის თუ არა ეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და შესაბამისად ნოღაიდელი, ბენდუქიძე და [გიორგი] არველაძე არიან თუ არა სისხლის სამართლის დამნაშავეები? … ეტყობა კორუფციასთან ბრძოლა და ნულოვანი ტოლერანტობა ბატონი სააკაშვილის ახლო გარემოცვას არ ეხება”, – აცხადებს დავით გამყრელიძემ.
”მემარჯვენეებმა” ცალკე შეკითხვად გამოყვეს აეროპორტის თემა, რომელიც ცოტა ხნის წინ გაიხსნა და ხელისუფლების მხრიდან შეფასდა, როგორც საუკეთესო. თუმცა პირველივე უამინდობის დროს შენობაში წვიმა ჩავიდა და ქარმა სახურავი ახადა.
” ხომ არ არის ეს შემთხვევა ნათელი მაგალითი სააკაშვილის ხელისუფლების იმპულსური და უპასუხისმგებლო მართვისა და ვინ აგებს პასუხს ამ სამარცხვინო და ხალხისთვის ფინანსურად კაბალურ პროექტზე”, – აცხადებს გამყრელიძე.
მიუხედავად პრეზიდენტის მხრიდან გარკვეული დაპირებებისა საკუთრების უფლების ხელყოფის გახშირებული ფაქტების აღმოფხვრის თაობაზე, გამყრელიძის თქმით, ამ მიმართულებით ჯერ-ჯერობით რაიმე ცვილილება არ შეიმჩნევა.
”ეს ყველაფერი მიმდინარეობს სასამართლო სისტემის პრაქტიკული ლიკვიდაციის ფონზე… დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში და თვით აშშ სახელმწიფო დეპარტამენტშიც, ეჭვს არ იწვევს, რომ სასამართლო რეფორმა არა მარტო ჩაფლავდა საქართველოში, არამედ სრულად დაექვემდებარა პროკურატურასა და ძალოვან სტრუქტურებს… თავად პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მორჩილი და უსუსური სასამართლო არის გარანტი მისი შეუზღუდავი ძალაუფლებისა”, – აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, საზოგადოებაში ყველაზე მეტ აღშფოთებას იწვევს ხელისუფლებაში კრიმინალების, მკვლელების და მკვლელობის დამკვეთების არსებობა.
”საზოგადოებაში ჩნდება ბუნებრივი კითხვა: რატომ არ იცილებს პრეზიდენტი დისკრედიტირებულ, ფაქტიურად კრიმინალური ბანდის ხელმძღვანელად ჩამოყალიბებულ ვანო მერაბიშვილს? პასუხი ორი შეიძლება იყოს: ან მერაბიშვილი სერიოზულ კომპრომატებს ფლობს სააკაშვილზე ან პრეზიდენტი თავად არის ამ კრიმინალური ბანდის სულიერი ლიდერი”, – აცხადებს გამყრელიძე.
მისი თქმით, პრეზიდენტმა 15 მარტს თავის ანგარიშში უნდა ისაუბროს არა მხოლოდ წარმატებებზე, არამედ პრობლემებზეც.
”და შემდგომი მისი ბედი და საზოგადოების დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი, მერწმუნეთ, რომ დამოკიდებულია სწორედ მის ადეკვატურ პასუხებზე”, – აცხადებს მემარჯვენეების ლიდერი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)