ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდენტმა მწვავე საკითხებს თავის გამოსვლაში თავი აარიდა

საპარლამენტო ოპოზიციის სამივე ფრაქციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა 15 მარტს თავის ყოველწლიურ მოხსენებაში თავი აარიდა იმ მწვავე საკითხებზე საუბარს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს და ყურადღება მხოლოდ წარმატებებსა და ახალ ინიციატივებზე გაამახვილა.


პრეზიდენტის სიტყვის საპარლამენტო ტრიბუნიდან შეფასებაზე უარი განაცხადეს ოპოზიციური ფრაქციების ”ახალი მემარჯვენეებისა” და ”მრეწველთა” ლიდერებმა, იმ მოტივით, რომ მათთვის მისაღები იყო არა მონოლოგის, არამედ დიალოგის რეჟიმში დებატებში მონაწილეობა.  შეფასებები დღეს პარლამენტში მხოლოდ ”დემოკრატიულმა ფრონტმა” გააკეთა.


”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ ტელეკომპანია ”იმედის” თოქშოუში ”ღია ეთერი” აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლა, წინა მოხსენებებთან შედარებით იყო ნაკლებად აგრესიული და შოუს ელემენტებით არ იყო გადატვირთული.


”ბევრი რამ რაზეც ის საუბრობდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ მაინც სხვა ქვეყანას ეხება… საზოგადოება: ინტელიგენცია, მეცნიერება, პედაგოგები, ექიმები, ბიზნესი – ყველა დღეს არის დაშინებული და ხელხემალში გადატეხილი… ეს არის შედეგი ამ ხელისუფლების მოღვაწეობის”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.


მისი თქმით, მოლოდინის მიუხედავად, საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიებზე წინადადებები პრეზიდენტმა არ წამოადგინა. 


ოპოზიციის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრადიციულად თავი აარიდა ისეთ მწვავე თემებზე საუბარს, როგორიცაა სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის მკვლელობები და ამაზე პასუხისმგებელი სამართალდამცავების თემა.


”ეს არის არა უბრალოდ ერთი კრიმინალური შემთხვევა, არამედ ის შემთხვევა, რომელიც ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას უჩვენებს. რის სტიმულირებას ვახდენთ იმ ადამიანების დაუსჯელობით, რომლებიც იმსახურებენ დასჯას… მართლაც იდეალური მინისტრიც რომ იყოს ვანო მერაბიშვილი, თუმცა ძალიან შორს არის ის ამისგან,  თუნდაც გირგვლიანის საქმის გამო ვალდებულია თვითონაც წავიდეს თანამდებობიდან და ვალდებულია პრეზიდენტიც რომ ის გაათავისუფლოს”, – განაცხადა დემოკრატიული ფრონტის ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.


მისი თქმით, პრეზიდენტმა გვერდი აუარა იმ შიშის სინდრომს, რომელიც დღეს საზოგადოებაში არსებობს.  


”უშიშროების წარმომადგენლები იმდენად უცხო ქვეყნის აგენტურას არ უთვალთვალებენ, რამდენადაც ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ოპონენტებს”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.


ოპოზიცია ასევე უკმაყოფილო დარჩა იმითაც, რომ პრეზიდენტმა სასამართლო დამოუკიდებლობის და ადამიანი უფლებათა დაცვის უმწვავეს პრობლემებს თავის გამოსვლაში ძალიან ცოტა დრო დაუთმო.


თუმცა ოპოზიციის ნაწილი მიესალმა პრეზიდენტის ახალ ინიციატივებს, რომლებიც გადასახადების შემცირების გეგმებსა და ანტინარკოტიკულ კამპანიას ეხება.


უმრავლესობის სახელით გამოსვლაში დღეს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ გააკრიტიკა ოპოზიციის შეფასებები და განაცხადა, რომ ”პოლიტიკური ოპოზიციის სრული კრახი – ეს არის ჩვენი დემოკრატიის მინუსი”, იმის მიუხედავად, რომ ”შევქმნენით პოლიტიკური კონკურენციის პირობები”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)