აფხაზეთის დე ფაქტო ცესკო: საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური შედგა

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში 18 მარტს 17 მაჟორიტარულ ოლქში გამართული ე.წ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50%-მდე აქტივობით შედგა, იუწყება 19 მარტს ”აფსნიპრესი”  დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბატალ ტაბაღუას სიტყვებზე დაყრდნობით.


დე ფაქტო ცესკოს წინასწარი ინფორმაციით, 15 ოლქში ხელისუფლების ფავორიტმა კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 4 მარტს არჩევნების პირველ ტურში, როცა 35 მანდატიან პარლამენტში მხოლოდ 18 დეპუტატი იქნა არჩეული, ბაღაფშის 13 მომხრემ მოიპოვა მანდატები დე ფაქტო პარლამენტში.


მთლიანობაში თვითგამოცხადებული აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანოში 27 აფხაზი, 3 რუსი, 3 სომეხი და 2 ეთნიკური ქართველი მოხვდა, განაცხადა ბატალ ტაბაღუამ.


მისი თქმით, არჩევნებზე რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა.


ქართული წყაროების ცნობით, 18 მარტს, ისევე როგორც 4 მარტს გალის რაიონში არჩევნები ჩაიშალა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის ბოიკოტის გამო. მეორე ტური გალის რაიონის ორ საარჩევნო ოლქში – შაშიკვარში და გალში ტარდებოდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)