ეკონომიკის სამინისტრო თბილისის აეროპორტის ყაზახებისთვის შესაძლო გადაცემას არ ადასტურებს
საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, რომელსაც 15 წლით მართვის უფლებით თურქული კომპანია ”TAV-Geogria” ფლობს, ყაზახური კომპანიებისთვის შესაძლო გადაცემის თაობაზე.
”რუსთავი 2”-ის ცნობით, 4-5 აპრილს, თბილისში საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე განიხილებოდა წინადადება თბილისის აეროპორტის მართვის უფლების ყაზახური კომპანიისთვის 100 მლნ აშშ დოლარად შესაძლო მიყიდვის თაობაზე.
”არ ვიცით საიდან გავრცელდა ეს ჭორი, არც ეკონომიკის სამინისტრო და არც თავად კომპანია [”TAV-Geogria”] არ ადასტურებს ამ ინფორმაციას,” – განუცხადეს ”სივილ ჯორჯიას” ეკონომიკის განვითარების სამინისტროში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 7 თებერვალს გაიხსნა. მისი მშენებლობა კომპანია Tepe-Akfen-Vie (TAV)-მა თურქულ სამშენებლო ფირმა Urban-თან თანამშრომლობით განახორციელა მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებასთან 2005 წლის სექტემბერში შესაბამის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
TAV-ი ახალ აეროპორტს ბათუმშიც აშენებს. ორივე პროექტში თურქულმა კონსორციუმმა დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)