ნოღაიდელმა გაეროს შტაბბინაში შეხვედრები გამართა

10 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებს მიეძღვნა, სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, მოგვიანებით კი შეხვედრა გამართა გაეროს გენერალურ მდივანთან პან გი მუნთან.


თავის გამოსვლაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების და დასძინა, რომ აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრა უნდა მოხდეს მხოლოდ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.


საგარეო საქმეთა სამინიტროს ცნობით, ნოღაიდელმა ასევე ყურადღება გაამახვილა გაეროს უშიშროების საბჭოს 2006 წლის 13 ოქტომბრის რეზოლუციის დებულებების ქართული მხარის მიერ შესრულებაზე.


მან ასევე ისაუბრა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე დაბრუნების, 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვისა და კოდორსა და გალში შექმნილ ვითარებაზე.


პრემიერ-მინისტრმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ თბილისი მზადაა ორმხრივი დიალოგისთვის სეპარატისტებთან, მათ შორის უმაღლეს დონეზე, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე.


მან აქვე იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მოახდენს აფხაზეთში, თებერვალ-მარტში გამართული ე.წ. ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნების დაგმობას.


მოსალოდნელია, რომ გაეროს უშიშროების საბჭო უახლოეს დღეებში მიიღებს მორიგ რეზოლუციას, რომლითაც 6 თვით გაუგრძელდება მანდატი გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)