სანაკოევი თბილისში ნატოს როუზ-როსის სემინარს ესწრება
სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი მონაწილეობას იღებს 19 აპრილს თბილისში გახსნილ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 65-ე სამდღიან სემინარში. ეს პირველი შემთხვევაა, როცა სანაკოევი მაღალი დონის ღონისძიებაში იღებს მონაწილეობას.
”ჩემი დღეს აქ მოწვევა არის გარღვევა იმ საინფორმაციო ბლოკადის, რომელიც ამ დრომდე ხორციელდებოდა. ვფიქრობ, რომ სამხრეთ ოსეთის საკითხები უნდა განიხილებოდეს მთელ მსოფლიოში, ”- განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი სანაკოევმა, რომელიც სიტყვით მიმართავს სემინარის მონაწილეებს.
სანაკოევის განცხადებით, ის ყურადღებას გაამახვილებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების მიდგომებსა და მოსაზრებებზე.
როუზ-როსის სემინარში მონაწილეობას იღებენ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატები, უცხოელი დიპლომატები, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სემინარი 19 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში საგანგებოდ მოიხსენია ”ადგილობრივი ეთნიკური ოსი ლიდერი” [დიმიტრი სანაკოევი], რომელმაც მისი თქმით, არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)