ცხინვალში შსკ-ს საკონსულტაციო შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა
ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) თანათავმჯდომარეების საკონსულტაციო შეხვედრა, რომელიც 19 აპრილს გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მერაბ ანთაძის განცხადებით, მხარეები საბოლოოდ ვერ შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე.
მერაბ ანთაძის თქმით, მოლაპარაკებების დაწყებისას თითქოს მიღწეული იქნა შეთანხმება რეგიონის დემილიტარიზაციის, ეკონომიკურ და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე, რაც თბილისში შერეული საკონტროლო კომისიის პლენარული სხდომის ჩატარების წინაპირობა უნდა გამხდარიყო.
”გუშინდელი შეხვედრა დასრულდა, სამწუხაროდ, ჩვენთვის მოულოდნელად… სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება ფაქტიურად ბოლოში ჩვენთვის საკმაოდ უცნაური ბრალდებების გამო ჩაიშალა,” – განაცხადა მერაბ ანთაძემ.
კერძოდ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ კონფლიქტის ზონაში საგუშაგოების რაოდენობის შეკვეცის საკითხზე, რაც გახდა ოსური მხარის უარის მიზეზი მონაწილეობა მიეღო სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში.
ამის მიუხედავად ქართული მხარე აპირებს შემდგომშიც გააგრძელოს მცდელობები მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებისთვის, აცხადებს სახელმწიფო მინისტრი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)