სახალხო დამცველმა 2006 წლის ანგარიში საპარლამენტო კომიტეტს წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა დღეს საქართველოს სახალხო დამცველს სოზარ სუბარს მოუსმინა, რომელმაც 2006 წლის ანგარიში წარადგინა.


ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებათა დარღვევების კონკრეტულ ფაქტებზე, სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ცალკეული სტრუქტურების მხრიდან ადამიანის უფლებათა უგულვებელყოფაზე, პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებით გამოყენების, პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობის, საკუთრების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ანგარიში ასევე შეიცავს არსებული პრობლემებიდან გამომდინარე რეკომენდაციებს.


დღევანდელ საკომიტეტო განხილვაზე სოზარ სუბარმა ”სამართლიანი სასამართლოს” პრობლემის კონტექსტში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის გახმაურებულ მკვლელობებზე.


”[სანდრო გირგვლიანის] სასამართლო პროცესი იყო პრეცედენტული იმ გაგებით, რომ ყველაზე გახმაურებული საქმე საქართველოს ბოლო დროის ისტორიაში, რომლის მიმართ საოცრად მაღალი იყო საზოგადოების ინტერესი, დასრულდა პრეცედენტულად მოკლე დროში- 6 სასამართლო სხდომაში. სასამართლომ პრაქტიკულად არ დაკმაყოფილა არცერთი შუამდგომლობა, რომელსაც შეეძლო საქმის შემობრუნება, რომელიც იმ ეჭვებს მაინც გაგვიფანტავდა, რომელიც ჩვენ გვაქვს დამკვეთების მიმართ ან პირიქით დაადასტურებდა ამ ეჭვებს. ამდენად თავად მოსამართლემ დააყენა ეჭვქვეშ სასამართლოს დამოუკიდებლობისა დ მიუკერძოებლობის საკითხი,”- განაცხადა სოზარ სუბარმა 26 აპრილს.


უმრავლესობა და ოპოზიცია ერთხმად აღიარებს, რომ სახალხო დამცველის მოხსენება ძალზედ მწვავეა.


”რა თქმა უნდა, არის მწვავე და ადეკვატურია, ყოველ შემთხვევაში სახალხო დამცველის პოზიციიდან. და ნურავის ნუ გაუკვირდება, როცა სახალხო დამცველს აქვს ასეთი რადიკალური პოზიცია, თუმცა  არცერთ აღმასრულებელ ხელისუფლებას ეს არ მოეწონება,”- განუცხადა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემ.   


ოპოზიცია მიესალმა მოხსენებას, რომელშიც სახალხო დამცველი პოზიციებს მმართველი უმრავლესობისაგან განსხვავებულად აფიქსირებს.


თუმცა დღევანდელ საკომიტეტო განხილვას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სხდომა მას შემდეგ, შეწყდა რაც კომიტეტის ხელმძღვანელობამ გირგვლიანისა და რობაქიძის მშობლებს, რომლებიც ესწრებოდნენ განხილვას, სიტყვით გამოსვლის უფლება არ დართო. ამ ფაქტმა მათი და ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტი გამოიწვია.


უმრავლესობამ ოპოზიცია ადამიანური ტრაგედიებით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობაში დაადანაშაულა.


სახალხო დამცველის 2006 წლის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარდგენამდე, სოზარ სუბარს კომიტეტი კიდევ ერთხელ მოუსმენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)