სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრემიერი ახალი ადმინისტრაციის იდეას და სანაკოევს აკრიტიკებს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელის იური მოროზოვის განცხადებით, ცხინვალის რეგიონში დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შექმნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა უპერსპექტივოა და სიცოცხლისუნარიანი მაქსიმუმ შემოდგომამდე იქნება.
”საქართველოს კონსტიტუციაში არ არის ”დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის” მცნება. ყველაფერი ეს არის მასხარაობა, რომელიც სრული კრახით დასრულდება,” – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი მოროზოვის სიტყვებზე დაყრდნობით.
მისი თქმით, ეს ყველაფერი ”ამერიკული სპეცსამსახურების მიერ არის დაგეგმილი და მიზნად ისახავას ოსურ საზოგადოებაში ბზარის გაჩენას”.
”ჩვენი ხალხი ძალიან ბრძენია… ისინი ხვდებიან, რომ ეს – მარიონეტები არიან, თოჯინები მოძრავი თოკებზე, რომლებიც თბილისიდან იმართებიან. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება, არაუგვიანეს შემოდგომისა, რადგან ამ მასხარაობას არანაირი პერსპექტივა არ აქვს,” – აცხადებს მოროზოვი.
მისი თქმით, ქართულმა მხარემ ქურთას ალტერნატიულ მთავრობაში დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობით უღირს ადამიანებს მოუყარა თავი.
”ისინი, რომ ყოფილიყვნენ მეტ-ნაკლებად ღირსეული ადამიანები შეიძლებოდა რაღაცაზე დაფიქრება. მაგრამ მათ იქ შეკრიბეს ნამდვილი ნაგავი. მე პირადული არაფერი მაქვს, მაგრამ ბანქოს თაღლითი [დიმიტრი სანაკოევი], რომელსაც მთელ ცხინვალის ვალები აქვს, არ შეიძლება ნდობას იმსახურებდეს. ასეთი ხალხის შერჩევამ მათ [ქართული მხარეს] ფრთები ძალიან შეუკვეცა. ეს პიარ-აქცია უკვე ჩავარდა და მათი შემდგომი ნაბიჯი დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ ვითარების გადარჩენის მცდელობა იქნება, ”- დასძენს იური მოროზოვი.
ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამხრეთ ოსური მოსახლეობის წარმომადგენელ ”უკლებლივ ყველა ძალას”, მათ შორის კოკოითის რეჟიმსაც, შესთავაზა ახალი ადმინისტრციის ფარგლებში თანამშრომლობა. ინიციატივა მიზნად ისახავს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას და რეგიონის ფართო ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას საქართველოს შემადგენლობაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)