თავდაცვის სამინისტრო მაუწყებლობის დაწყებას გეგმავს
თავდაცვის სამინისტრო ტელეკომპანია TV- 33 -ზე სავარაუდოდ, სექტემბრიდან საკუთარი გადაცემების მაუწყებლობას დაიწყებს.
თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნანა ინწკირველის ინფორმაციით, გადაცემები მიეძღვნება სამხედრო-პატრიოტულ და გასართობ-შემეცნებით თემატიკას.
”სამხედრო თემატიკაზე საკუთარი არხები გააჩნია ნატოს წევრ მთელ რიგ ქვეყნებს და აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილია საქართველოსაც ჰქონდეს ასეთი არხი, სადაც სამხედრო თემატიკის პოპულარიზაცია მოხდება,” – განუცხადა დღეს ”სივილ ჯორჯიას” ნანა ინწკირველმა.
10 მაისის გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ახალი ტელეკომპანია ვაჟა-ფშაველას გამზირის N45-ში განთავსდება, იმ შენობაში, სადაც ”რუსთავი2”-ის ოფისი მდებარეობს. ამავე ცნობით, არხის მფლობელი ვინმე კახაბერ ნინუაა.
ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს ნანა ინწკირველი და ”რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, სამინისტრომ TV-33 მხოლოდ იქირავა და მისთვის უცნობია ვინ არის მისი მფლობელი.
აღნიშნულ სიხშირეზე ტელეკომპანია ”202” მაუწყებლობდა, რომლის დამფუძნებლები შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე ქრთამის აღების ბრალდებით ამჟამად პატიმრობაში იმყოფებიან. არხმა მაუწყებლობა რამდენიმე თვის წინ შეწყვიტა და ამ სიხშირის მფლობელი 2007 წლის თებერვალში გერმანელი პრინცი ჰანს ვერნერ ფონ საჰენ ალტენბურგი გახდა. ამ დროისთვის სიხშირეს უკვე TV-33 ფლობს, იტყობინება ”რეზონანსი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)