პრემიერ-მინისტრი სამხრეთ ოსეთზე კომენტარს აკეთებს
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი პასუხისმგებელია კონფლიქტის ზონაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა 14 მაისს.
მან განაცხადა, რომ ”ჩვენ ვერ დავდგებით ძალადობის გზაზე” და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რუსეთის ჩათვლით, ”აქტიური პოზიცია” დაიკავონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
კონფლიქტის ზონაში 12 მაისს მომხდარი სროლის შედეგად სულ ცოტა ორი ადამიანი დაიჭრა. ცხინვალის ხელისუფლება განაგრძობს ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზების ბლოკირებას. სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, ის გზებს მხოლოდ მას შემდეგ გახსნის, როცა თბილისი თავის ძალებს გაიყვანს და დიმიტრი სანაკოევის ”მარიონეტულ მთავრობას” დაითხოვს.
ნოღაიდელმა ასევე განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ”ჩვენთან ულტიმატუმების ენით საუბარი გამორიცხულია”.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისი განაგრძობს მოლაპარაკებას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელთან დიმიტრი სანაკოევთან.
”დიალოგს გავმართავთ მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივია იმასთან, ვინც თვითონ არის მზად დიალოგისთვის. ის ხალხი, ვისაც წარმოადგენს ბატონი დიმიტრი სანაკოევი, მზად არის დიალოგისთვის,”- განაცხადა ნოღაიდელმა.
”სანაკოევი სამხრეთ ოსეთის უფრო მეტი მაცხოვრებლის ინტერესებს წარმოადგენს, ვიდრე კოკოითი,”- დასძინა მან.
თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ცხინვალის ხელისუფლებასთანაც გამართოს დიალოგი.
ნოღაიდელის თქმით, რუსული მხარის წარმომადგენელი შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვი საქართველოში ჩამოსვლას და შსკ-ს ფარგლებში მოლაპარაკებების გაგრძელების შესაძლებლობის განხილვას გეგმავს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)