Amnesty International საქართველოში პოლიციელების დაუსჯელობაზე საუბრობს

პოლიციის ოფიცრები კვლავაც დაუსჯელნი რჩებიან იმ შემთხვევაში, სადაც ადგილი ჰქონდა წამებას, ცუდ მოპყრობას და გადაჭარბებული ძალის გამოყენებას, განაცხადა Amnesty International-მა 23 მაისს გამოქვეყნებულ წლიურ მოხსენებაში.


საქართველოს შესახებ მოხსენება ყურადღებას ამახვილებს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და გასული წლის მარტში თბილისის მე-5 საპყრობილეში მომხდარ ინციდენტზე, რის შედეგადაც ოფიციალური ინფორმაციით, შვიდი პატიმარი გარდაიცვალა.


მოხსენება ასევე ხაზს უსვამს ქალების წინააღმდეგ ოჯახურ ძალადობას და აღნიშნავს, რომ ”ხელისუფლებამ ვერ შეძლო ქალების დაცვა ოჯახური ძალადობისაგან და დამნაშავეთა დასჯა”.


Amnesty International-ის განცხადებით, აპრილში საქართველოს პარლამენტმა გააუქმა შეზღუდვა იმ ვადებთან დაკავშირებით, რომელშიც შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის აღძრა ისეთი დანაშულის წინააღმდეგ, როგორიცაა წამება, არაადამიანური და შეურაცხმყოფელი მოპყრობა.


თვითგამოცხადებულ რეგიონებთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები დევნის საშიშროების წინაშე დადგნენ ქართველ კოლეგებთან კონტაქტების გამო. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)