ეუთო კონფლიქტის ზონაში წყლის პრობლემის მოგვარებისკენ მოუწოდებს

ეუთოს მისიამ საქართველოში მოუწოდა ქართულ და სამხრეთ ოსურ მხარეებს მოაგვარონ რეგიონში არსებული წყლის დეფიციტის პრობლემა.


”მოვუწოდებ მხარეებს რაც შეიძლება სწრაფად შეიკრიბონ, რათა იპოვონ ამ პრობლემის მოგვარების რეალური გზები,” – ნათქვამია ეუთოს მისიის ხელმძღვანელის როი რივის მიერ 18 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


”ეს კიდევ უფრო აუცილებელია ახლა, რადგანაც მოსავლის აღების პერიოდი ახლოვდება,” – დასძინა მან.


კონფლიქტის ზონაში სასმელი წყლის მილსადენი 24 დღის წინ დაზიანდა, რის შედეგადაც ცხინვალის მოსახლეობა წყლის გარეშე დარჩა.


სამხრეთ ოსეთის დროებითმა ადმინისტრაციამ 7 ივნისს განაცხადა, რომ მან შეაკეთა წყალსადენი, თუმცა ცხინვალის განცხადებით, სამუშაო ცუდად შესრულდა, რის გამოც ”ცხინვალში მხოლოდ მცირე რაოდენობით წყალი აღწევს, და ისიც ჭუჭყიანი”. ოს მუშებს წყალსადენის შეკეთების საშუალება არ მიეცათ.


ამის საპასუხოდ, სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ სარწყავი წყლის მიწოდება შეუწყვიტა კონფლიქტის ზონის ქართულ სოფლებს.


16 ივნისს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს, კერძოდ ეუთოს, უფრო აქტიური პოზიცია დაიკავონ და დაგმონ ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლება ათზე მეტი სოფლისთვის სარწყავი წყლის მიწოდების შეწყვეტის გამო.


ამასობაში, ქართული მედია იტყობინება 19 ივნისს, რომ ქართულ სოფელ თამარაშენს სამხრეთ ოსური მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)