ქართული მედია ცხინვალის ხელისუფლებაში მოსალოდნელ გადატრიალებაზე საუბრობს

რუსეთის პროკურატურამ, შესაძლოა, სისხლის სამართლის საქმე აღძრას ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ რუსეთიდან გადმორიცხული თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და მითვისებისა ფაქტებზე, რაც კოკოითის რეჟიმის შეცვლის წინაპირობა გახდება, იტყობინება ქართული მედია 22 ივნისს.


”რუსებმა ყველაფერი იციან, როგორ გაიფლანგა ეს თანხები. [დე ფაქტო პრეზიდენტს ედუარდ] კოკოითს არაფერს ეუბნებოდნენ იმიტომ, რომ სჭირდებოდათ. მაგრამ ახლა უკვე გადაწყვეტილია კოკოითის მოშორება. რუსებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ დააკავონ კოკოითი,”- აცხადებს ”ოსთა ხსნის კავშირის”  ხელმძღვანელი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი ვლადიმერ სანაკოევი გაზეთ ”რეზონანსთან” საუბარში.


გაზეთი ცხინვალში ”ხავერდოვანი გადატრიალების” მოწყობის ქართულ-რუსულ ერთობლივ გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებულია, რადგან ”დე ფაქტო მთავრობის ხელმძღვანელი იური მოროზოვი დაახლოებით 2 თვეა , რაც გადაყენებულია და ამის შესახებ განცხადებას უახლოეს დღეებში გააკეთებენ”.


გაზეთის ვერსიით, მოროზოვს და მის მთავრობას დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დიმიტრი სანაკოევის ახლო მოკავშირე შეცვლის, რომლის ვინაობაც გასაიდუმლოებულია.


”აგვისტოს ბოლომდე თავად კოკოითიც დატოვებს თანამდებობას და ცხინვალში მთელი ხელისუფლება სწორედ მთავრობის ახალ თავმჯდომარეს გადაეცემა,”- წერს ”რეზონანსი”.


19 ივნისს ბაქოში სუამის სამიტზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ კოკოითის ”დრო იწურება”. ეს განცხადება მან პრეზიდენტ პუტინთან სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრიდან 9 დღეში გააკეთა.


”აშკარად ჩანს, რომ სააკაშვილსა და პუტინს შორის შეთანხმება მოხდა კოკოითთან დაკავშირებით… არაა გამორიცხული, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას კოკოითის წინააღმდეგ… ან სხვა ჩინოვნიკის მიმართ აღძრან სისხლის სამართლის საქმე და ამ საქმეში გარიონ კოკოითი,”- აცხადებს ”რეზონანსთან” საუბარში პოლიტოლოგი პაატაა ზაქარეიშვილი.


ამგვარ შესაძლებლობას არც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გამორიცხავენ.


”ეს [რუსეთიდან ცხინვალში გადმორიცხული] თანხები იხარჯებოდა უკანონო ბიზნესში, იარაღის შეძენაზე, შეიარაღებული პირების ხელფასებსა და მათ შენახვაზე… ამიტომ მე, რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ეტაპზე რუსეთის ფედერაციამ მოიძიოს, თუ როგორ დაიხარჯა ეს თანხები,” – აცხადებს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 22 ივნისს.


პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნიკა რურუას ინფორმაციით, ერთ-ერთ ეპიზოდში საუბარია კოკოითის რეჟიმის მიერ ”200 მლნ-ზე მეტი თანხის მითვისებაზე”.

თუმცა რუსული მხარე ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს სამხრეთ ოსეთში დახარჯულ თანხებზე გამოძიების დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)