ცხინვალი გმობს თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთზე შეთანხმების გაუქმებას

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულმა ხელისუფლებამ 22 ივნისს განაცხადა, რომ თბილისის გადაწყვეტილება გააუქმოს რუსეთთან არსებული შეთხნამება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში თანამშრომლობის თაობაზე არის ”კიდევ ერთი არამეგობრული ნაბიჯი”.


შეთანხმება კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში და დევნილთა დაბრუნების საქმეში ურთიერთქმედების თაობაზე, რომელსაც საქართველოს და რუსეთის მთავრობებმა 2000 წლის 23 დეკემბერს მოაწერეს ხელი, საქართველოს პრეზიდენტის 20 აპრილის ბრძანებულებით გაუქმდა.


”ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის უუნარობა შეასრულოს მის მიერ აღებული ვალდებულებები,” – განაცხადა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.


სამინიტროს განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთი განაგრძობს რეგიონში სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას, მიუხედავად თბილისის გადაწყვეტილებისა.


საქართველოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მიიჩნევა, როგორც ქართული მხარის მცდელობა ხელი შეუშალოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ქართულ მხარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ხორციელდება.


ამ პროექტებში ასევე შედის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ჩრდილოეთ ოსეთს დაუკავშირებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)