პარლამენტმა ქონების ლეგალიზაციის შესახებ კანონი დაამტკიცა
პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით, 132 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღო პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ”ქონების ლეგალიზაციის შესახებ”, რომელიც 2007 წლის 1 აპრილამდე შეძენილი კერძო საკუთრებისათვის ხელშეუხებლობის დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან.
თუმცა ქონების ლეგალიზაცია არ შეეხება იმ ქონებას, რომელზეც საკუთრების შეძენის საფუძვლის გაუქმების შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა კანონის ამოქმედების მომენტისთვის; რომელიც სტრატეგიულ დანიშნულებისაა და მისი პრივატიზება აკრძალული იყო და რომელიც ყალბი დოკუმენტის წარდგენის გზით არის მოპოვებული.
იმ საკუთრებათა ნუსხა, რომელზეც მიმდინარეობს სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოება, გამოქვეყნდება პარლამენტის ვებ-გვერდზე. ამის შესახებ შეთანხმებას უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენელებმა მიაღწიეს.
კანონპროექტის თანახმად, მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებითაა შესაძლებელი სახელმწიფოს მიერ კერძო მესაკუთრისათვის ქონების გადაცემის შესახებ ძალადაკარგულად გამოცხადებული აქტის აღდგენა.
აღნიშნული კანონპროექტით, ლეგალიზებული ქონების მიმართ გამოძიების დაწყება ან ნებისმიერი სხვა სახის კონტროლი იკრძალება.
ოპოზიციამ გააკრიტიკა საკუთრების დაცვის შესახებ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ეს ინიციატივა იმის გამო, რომ ის არ ითვალისწინებს უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნებას და არ ვრცელდება იმ საკუთრებაზე, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო დავა. ოპოზიციამ შესაბამისი ალტერნატიული წინადადებაც წარადგინა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა.
კანონის მიღების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ პრეტენზიები გამოთქვა თებერვალში, პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე კერძო საკუთრების უფლების დარღვევის გახშირებული ფაქტების გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)